სემინარი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე
1 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება .
WEG-ის დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, და წარმოადგინა ენერგეტიკული საფრთხეების შეფასებისა და მართვის მეთოდიკის საფუძვლები რაც უნდა გამოყნებულ იქნას ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების სრულფასოვანი განხილვისათვის.
ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ თავის მოხსენებაში – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება , აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების შეფასების მნიშვნელობაზე და წარმოადგინა ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიდკატორების შეფასების შესაბამისი მოდელი.
საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ გოჩიტაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა გაზის სექტორში ენერგეტიკული საფრთხეების შესახებ . მან მიმოიხილა ენერგეტიკული უსაფრთხოების ბუნებრივი, ტექნიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კომერციული ასპექტები. მაგალითებად განიხილა 2006 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს ენერგეტიკული ბლოკადის 2008 წლის ომის დროს სატრანზიტო ნავთობ და გაზსადენებთან განხორციელებული საჰაერო იერიშები, და დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი ზვავის მაგალითები. ასევე ასევე დეტალურად განიხილა ბუნებრივი გაზის საცავის აშენების ტექნიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტები.
სემინარი წარიმართა აქტიური დიალოგისა და განხილვის რეჟიმში. დამსწრეთა შორის იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, სექტორის სპეციალისტები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები.
სემინარის ვიდეოჩანაწერი დაიდება ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის.