WEG -ის რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს
საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების უმრავლესობა ვერ გვთავაზობს ენერგეტიკის, ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და წამყვანი სფეროს, განვითარების მკაფიო ხედვას და სექტორის გამოწვევებს გადაწყვეტის გეგმების გარეშე ტოვებს.
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) მოკლედ აჯამებს სექტორის ძირითად საჭიროებებს და რეკომენდაციას უწევს პოლიტიკურ პარტიებს, ენერგეტიკის სფეროში არსებულ პრობლემები პრიორიტეტული გახადონ.
ენერგეტიკის სექტორში დაგროვილია მრავალი გადაუჭრელი პრობლემა და გამოწვევა, რაც ჯამში ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების პერსპექტივებს სათუოს ხდის. საჭიროებს ახალ სახელმწიფო პოლიტიკას:
• ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებია - ენგურჰესის პოლიტიკური და ტექნიკური რისკები და აფხაზეთში მზარდი გადაუხდელი მოხმარება, გაზის სექტორში არსებულ მონოპოლიურ მომწოდებელზე დაუბალანსებელი დამოკიდებულება, ელექტროენერგიის იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება და გენერაციის სიმძლავრეების არასაკმარისი რაოდენობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული სატრანზიტო პროექტების განვითარება, საკუთარი საცავების, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის განვითარება და ა.შ. ეს საკითხები მოითხოვს ენერგუსაფრთხოების ახალ პოლიტიკას და სტრატეგიას.
• ენერგეტიკის ეკონომიკური მდგრადობის გამოწვევებია - სტრატეგიული ინვესტიციების ნაკლებობა, სახელმწიფოს საინვესტიციო ხარჯები და ენერგეტიკულ ბაზრებში ჩარევა; იმპორტის მზარდი ხარჯები, ეკონომიკური პოპულიზმი და სატარიფო სუბსიდირება, გაუმჭვირვალე ხელშეკრულებები და დეველოპერების მიმართ აღებული ჭარბი ვალდებულებები. ეს პრობლემები ტვირთად აწვება ბიუჯეტს, ზრდის არარაციონალურ მოხმარებას, აფერხებს ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას. აუცილებელია ეკონომიკურად თვითკმარი სექტორის ჩამოყალიბება, რათა სახელმწიფო სახსრები მიმართული იყოს განვითარების და უსაფრთხოების პრიორიტეტული ამოცანებისკენ.
• ენერგეტიკული რეფორმები - ევროკავშირთან ასოცირების და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში მიღებული ახალი კანონმდებლობა ქმნის წინაპირობებს ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული სისტემების განვითარებისთვის. თუმცა ბოლო ხანს განხორციელებული დაჩქარებული საეჭვო ხარისხის საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საკანონმდებლო სტაბილობას და საინვესტიციო გარემოს. აუცილებელია ავიცილოთ რეფორმის კომპრომეტირება და გაუმჭვირვალე, პოტენციურად კორუფციული, გარემოს ჩამოყალიბება.
• ენერგეტიკული სიღარიბე და მომხმარებლების დაცვა - სოფლის მოსახლეობის უმეტესობა თბება შეშით, არაეფექტიანი ღუმელებით, დაუთბუნებელ შენობებში, რაც ტყეების არამდგრად მოხმარებას და ჰაერის დაბინძურებით ჯანმრთელობის რისკებს ზრდის. საჭიროა ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრის პოლიტიკა. ასევე, დასახვეწია მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების სქემები.
• კვლევების, ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების ნაკლებობა, მართვის ინსტიტუციური სისუსტე არის უმთავრესი პრობლემა, რაც აისახება გადაწყვეტილებების ხარისხზე, ჰიდროსადგურების პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების ხარვეზებზე, გარემოსდაცვითი პრობლემებზე, გრძელვადიანი ხედვების ნაკლებობზე და სხვა. იწვევს ავარიებს და მოსახლეობის უკმაყოფილებას, გაუმართლებელ ხარჯებს და არაოპტიმალურ განვითარებას, აზარალებს ქვეყნის მდგრად განვითარებას. აუცილებელია სექტორის ნორმატიული, კვლევითი, პროფესიული და ინფორმაციული უზრუნველყოფის, მართვის სისტემის გაძლიერება.
ამ ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია:
• გაძლიერდეს სექტორის სტრატეგიული შესაძლებლობები და გამჭვირვალე, მაღალპროფესიული მართვის სისტემები, მათ შორის - სამინისტროს შესაძლებლობები. ჩამოყალიბდეს ენერგეტიკის საფუძვლიანი სტრატეგია;
• გამოირიცხოს პოლიტიზირებული და გაუმჭვირვალე ჩარევა ბაზრის ფუნქციონირებაში. სექტორის მართვა სრულად დაექვემდებაროს ხარისხიან, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას. ამისთვის, დაჩქარდეს რეფორმა, ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო და აღიკვეთოს კანონმდებლობის ხელაღებით ცვლილება.
• მოხდეს ენერგეტიკული კვლევის, ინოვაციის და განათლების სისტემების სწრაფი განვითარება და სრულფასოვანი ჩართვა ენერგეტიკის განვითარებაში.