WEG განცხადება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებზე
WEG განცხადება
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებზე
ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება საქართველოს ერთერთ უმთავრეს გამოწვევად არის ქცეული. ქვეყანა ვერ ახერხებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი და სოციალური ინტერესების დაბალანსებას, რასაც მნიშვნელოვანი დამაზიანებელი შედეგები მოაქვს.
ჰიდროსადგურების განვითარების პროცესების არასაკმარისი გამჭვირვალობა, პროექტების ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები, კვლევების, კომუნიკაციის და სტრატეგიული დასაბუთების ნაკლებობა მოქალაქეების უნდობლობას იწვევს. ამასთან, სამართლიან პროტესტს დამატებით აღვივებს ცალმხრივი, დაუსაბუთებელი და ტენდენციური ინფორმაცია, რაც ამცირებს დიალოგის და რაციონალური განვითარების შესაძლებლობას. ჰესების მიმართ დაპირისპირება გასაკუთრებით გამძაფრდა ნამახვანის კასკადთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეები იძულებული ხდებიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმებს.
შექმნილი მდგომარეობა ქვეყანას ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და რეპუტაციულ ზიანს აყენებს, რითაც მის განვითარებას და უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ენერგეტიკა სტრატეგიული, მაღალტექნოლოგიური დარგია, სადაც პოლიტიკური, ტექნიკურ-ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების საკითები მოითხოვს ერთობლივ კომპლექსურ მიდგომას, გრძელვადიან, სახელმწიფოებრივ ხედვებს, მაღალ ინფორმირებულობას და თანამედროვე პროფესიულ ცოდნას. ამის გარეშე მიღებული ნებისმიერი, თუნდაც გულწრფელი პატრიოტული მოტივებით ნაკარნახევი, გადაწყვეტილება შეიძლება ქვეყნისთვის საზიანო გამოდგეს.
მოვუწოდებთ ენერგეტიკის და მომიჯნავე სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და სპეციალისტებს, თავიანთი პროფესიული ცოდნით ხელი შეუწყონ ერთობლივ და კომპეტენტურ თანამონაწილეობრივ სამუშაო პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ფაქტებზე, მონაცემებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და საინჟინრო ცოდნაზე დაყრდნობით, გამოიკვეთოს ქვეყნისთვის სასარგებლო და არა დამაზიანებელი გადაწყვეტილებები.
ჯანსაღი თანამონაწილეობრივი პროცესის ხელშესაწყობად, ვგეგმავთ ღია განხილვების მოწყობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ინტერდისციპლინური ვებინარების ფორმატში. ვეცდებით საჯაროდ, პროფესიონალებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა, განვასხვავოთ გავრცელებული საფუძვლიანი და მცდარი ინფორმაცია და შევიმუშავოთ რეკომენდაციები შემდეგი ნაბიჯებისთვის.
განხილვებს ვგეგმავთ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- ჰესების სტრატეგიული, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა;
- ჰიდროპროექტებში ინვესტიციების ეკონომიკური და ფინანსური შედეგები;
- პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენა. მათი შერბილება/კომპენსაცია;
- პროექტების საინჟინრო და უსაფრთხოების ასპექტები.
- ჰიდროპროექტების განვითარების მართვა - საჯარო-კერძო თანამშრომლობის პროცედურები, პრინციპები და კრიტერიუმები.
- დაინტერესებულ მხარეთა მიერ დასმული სხვა საკითხები.
განხილვებში მოვიწვევთ გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ ორგანიზაციებს, ეკონომიკის, ინჟინერიის, ბუნების შემსწავლელი დარგების, საჯარო მართვის და სხვა სპეციალისტებს. ასევე, ვიწყებთ ჰესებთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებების შეკრებას და დამუშავებას, მათი შემდგომი განხილვის მიზნით. იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ არსებული კრიზისის დაძლევას.
პირველი ვებინარი ჩატარდება 10 მარტს 17:00 შემდეგ ბმულზე:
https://us02web.zoom.us/j/86387062192
ინფორმაციას მონაწილეებსა და დღის წესრიგის შესახებ გავავრცელებთ დამატებით, სათანადო კონსულტაციების შემდეგ.