„უსაფრთხოების ახალი რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“
5 და 6 დეკემბერს, თბილისში, ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS) პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მოწინავე კვლევების სემინარი: „უსაფრთხოების ახალი რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. სემინარის მთავარი მიზანი ენერგეტიკის სფეროში რეგიონში წარმოშობილი ახალი რისკების განხილვა, შეფასება და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იყო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ნატოს მთავარმა მრჩეველმა მაიკლ გოლმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოში.
ორ-დღიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა 25-მდე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტმა მიიღო, 6 თემატურ პანელად იყო დაყოფილი:
- ენერგეტიკული უსაფრთხოების ლანდშაფტი ეროვნული და საერთაშორისო პერსპექტივებიდან
- სიახლეები რეგიონული ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების შესახებ
- ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მორგება რეგიონზე
- უსაფრთხოების გამოწვევები კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის
- რეგიონისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების შედეგების გაანალიზება
- რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ნატოს წვლილსა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთოხებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.
ლიტვის სამხედრო აკადემიის წარმომადგენელმა, რაიმუნდუს მატულისმა, დამსწრეებს მოუწოდა გაეხსენებინათ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევები და გაეზიარებინათ მათი გამოცდილება ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტების კუთხით.
„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა, რომელიც სემინარის მეორე დღეს სიტყვით გამოვიდა, მოხსენება ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი სისტემურ მიდგომაზე გააკეთა.
საბოლოო ჯამში, სემინარზე განიხილებეს არსებული და სამომავლო პროექტები სამხრეთის ბუნებრივი გაზის დერეფნის ჩათვლით (SCPx, ტრანსკასპიური მილსადენი, TANAP,TAP, AGRI, თეთრი ნაკადი და ა.შ.); განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის ფორმებს მომხმარებელ (ევროკავშირი, თურქეთი), მწარმოებელ (თურქმენეთი, აზერბაიჯანი) და სატრანზიტო ქვეყნებს (აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) შორის;
მონაწილეებმა იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ახალი სტრატეგიული ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები რეგიონში და რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ტერორისტულმა აქტებმა და პოტენციურმა სამხედრო აქტივობებმა ან თავსმოხვეულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ. ასევე, განისაზღვრა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის პოტენციური ფორმები რეგიონის ქვეყნებსა და ნატოს შორის.
სემინარის დასრულების შემდგომ, მონაწილეები სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს ესტუმრნენ სადაც ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს და დელტას საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.
სემინარი ლიტვის რესპუბლიკის გენერალ იონას ზემაიტისის სამხედრო აკადემიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით გაიმართა. ღონისძიების მნიშვნელოვანი მხარდამჭერები იყვნენ რუმინეთის საელჩო საქართველოში და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“(WEG). სემინარს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ენერგეტიკის სამინისტრომ და სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“.
პრეზენტაციების კრებული ხემისაწვდომია შემდეგ ბმულზე