თბილისში ენერგოეფექტურობის შესახებ ხუთდღიანი საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
2017 წლის 16-20 ოქტომბერს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით და WEG-ის მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა ხუთდღიანი ტრენინგი ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც 11 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან.
ტრენინგის პროგრამა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან პარტნიორობით განისაზღვრა და მოიცვა რამდენიმე სექტორი: შენობები, ინდუსტრია, განათებები, ტექნიკა და აღჭურვილობა, ტრანსპორტი, ასევე ენერგოეფექტურობის სტატისტიკა.
ხუთი დღის მანძილზე ტრენინგის მონაწილეები ჩართულები იყვნენ სემინარებში, ინტერაქტიულ დისკუსიებსა და სავარჯიშოებში პოლიტიკის, რეგულაციების, სტატისტიკისა და სტანდარტების შესახებ.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს EU4Energy-ს პროგრამას, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა სწორედ ენერგოეფექტურობაა. ტრენინგების კვირეულმა კი მის მონაწილეებს შეუქმნა შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, თავიანთი ქვეყნების პოლიტიკა და საუკეთესო პრაქტიკები და დაემყარებინათ საერთაშორისო კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის.