საქართველოში კლიმატის ცვლილებით გაზრდილი საფრთხეები და ადაპტაციის საჭიროება
წინასაარჩევნოდ წასაკითხი
საქართველოში კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა მნიშვნელოვნად იზრდება. წყალდიდობები, მეწყერები და გვალვები თუ სხვა კატასტროფული მოვლენები გარდა პირდაპირი საფრთხისა ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და მდგრად განვითარებას აფერხებს. კლიმატის შემდგომი ცვლილებისთვის მომზადება და მასთან შეგუების (ადაპტაციის) გზების ძიება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთერთი წამყვანი პრიორიტეტი უნდა იყოს. სწრაფი და გადამწყვეტი ქმედების გარეშე, კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგები მუდმივად გაიზრდება, რაც საფრთხეს ძირითადად მოწყვლად ჯგუფებს შეუქმნის მაგრამ ასევე დააზიანებს ეკონომიკის დარგებს, კულტურულ მემკვიდრეობას და ადამიანთა ჯანმრთელობას.
ამ მოკლე ინფორმაციით ვაგრძელებთ ჩვენს წინასაარჩევნო სერიას სადაც ვცდილობთ გამოვკვეთოთ მთავარი პრობლემები და სამოქმედო მიმართულებები, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გააქტიურება. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხები სათანადოდ აისახება მომავალი პარლამენტის და მთავრობის დღის წესრიგში, მანამდე კი გათვალისწინებულ-იქნება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებსა და დებატებში.
საქართველოში კლიმატის ცვლილებით გაზრდილი საფრთხეები და ადაპტაციის საჭიროება
ბოლო ათწლეული ყველაზე ცხელი ათწლეულია კაცობრიობის ისტორიაში. ექსტრემალური სიცხეების, წყალდიდობების, ქარიშხლების გვალვების და მყინვარების დნობის სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა უდიდეს და ხშირად შეუქცევად ზიანს აყენებს მსოფლიოს ქვეყნებს. საქართველო, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, რთული რელიეფით და კლიმატური ზონების მრავალფეროვნებით, კიდევ უფრო დაუცველია ექსტრემალური ამინდის მოვლენების და გარემო პირობების ცვალდებადობის მიმართ.
დაკვირვებები აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მყინვარების ინტენსიური დნობა, გახშირებული და გაძლიერებული წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყერები და ღვარცოფები სულ უფრო აზიანებს მოსახლეობას, ეკოსისტემებს და ეკონომიკას. აღმოსავლეთ საქართველოში ხდება გაუდაბნოება და სასოფლო სამეურნეო ფართობების დაკარგვა. გახშირებული და ინტენსიური თბური ტალღები უარყოფითად მოქმედებებს ადამიანების ჯანმრთელობაზე; გაზრდილი ტემპერატურა, ნალექების სტრუქტურის შეცვლა, გახშირებული ხანძრები, პარაზიტები და დაავადებები აუარესებ მცენარეების აღდგენა-ზრდის უნარს და პროდუქტიულობას ტყეებში და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.
დაგეგმვის და მომზადების გარეშე, მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური რისკები მომავალში მეტ საფრთხეს შეუქმნის სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, ენერგეტიკას, ა.შ. ასევე მეცნიერები პროგნოზირებენ ადრე ცნობილი დაავადებებისა და მათი გადამტანების გააქტიურებას და ახალი დაავადებების გავრცელებას. გვალვები და ძლიერი ქარები და წყალმოვარდნები გამოიწვევს ნიადაგის ეროზიას, და გააუარესებს სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას, გამოიწვევს სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობას, და უარყოფითად იმოქმედებს ფერმერების საქმიანობასა და კონკურენტუნარიანობაზე. შემცირდება სამუშაო ძალის შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა, განსაკუთრებით იმ დარგებში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ღია სივრცეში მუშაობა (მაგ. სოფლის მეურნეობა, მშენებლობა), რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას.
2020 წლის UNDP-ის კვლევის თანახმად იკვეთება რომ ჯერ კიდევ 4 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 91% კლიმატის ცვლილებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ პრობლემად მიიჩნევს. საქართველოში ბოლო ათწლეულში კლიმატის ცვლილების შედეგად მომხდარი არაერთი ტრაგედიის (დევდორაკი 2014, თბილისი 2015, შოვი 2023, გურია 2023/2024) მიუხედავად მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადაპტაციის და მედეგობის გაუმჯობესების მიმართულებით არ გადადგმულა. ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული ადაპტაციის გეგმა, რომელიც გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების გამოწვევების დასაძლევად.
საქართველოს მთავრობამ კლიმატის ცვლილებისადმი მზადყოფნისა და ადაპტაციის უნარის გაუმჯობესებისთვის შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
- კლიმატური საკითხები გახდეს მთავრობის ერთერთი პრიორიტეტი და შეტანილ იქნას სექტორულ პოლიტიკებში. გაძლიერდეს ინსტიტუტებს შორის კოორდინაცია კლიმატის საკითხებზე.
- მოხდეს ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავება კლიმატის მოდელირების, გეოლოგიური თუ ჰიდრომეტეოროლიგიური საფრთხეების კვლევითი მიმართულებების განვითარებით. კლიმატის პროგნოზებზე დაყრდნობით შეფასდეს შინამეურნეობათა, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის და სხვა სექტორთა საჭიროებები. მათ შორის
- დაინერგოს კლიმატისადმი მდგრადი კულტურები და გაუმჯობესდეს სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის შესაძლებლობები.
- შემუშავდეს კლიმატთან ადაპტირებული სამშენებლო სტანდარტები.
- გათვალისწინებული იქნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდები და კლიმატისადმი მდგრადი ურბანული გარემოს შექმნა და ა.შ.
- ეროვნულ და რეგიონულ დონეზე დაინერგოს საფრთხეების შესწავლის, მონიტორინგის, ადრეული შეტყობინებისა და შემდგომი რეაგირების ეფექტური სისტემა; მომზადდეს კადრები სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
- გამოიყოს სპეციალური კვლევითი და სასწავლო პროგრამები და გაიზარდოს მათი დაფინანსება. კლიმატური საკითხები შეტანილ იქნას სასწავლო პროგრამებში განათლების სხვადასხვა დონეზე.
- საადაპტაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისას უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების ჩართულობა.
- გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კლიმატურ და მწვანე ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე. მომზადდეს საპროექტო განაცხადები და ავითვისოთ საერთაშორისო კლიმატური და მწვანე ფონდებიდან ფინანსური რესურსები.