საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება
კვლევითმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) 15 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სექტორის სპეციალისტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ახალი კვლევის შედეგები გააცნო.
WEG-მა ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგომარეობა MOSES მეთოდოლოგიით საქართველოში პირველად შეისწავლა და შეაფასა.
ცენტრმა ასევე შეიმუშავა ენერგეტიკული უსაფრთხოების რეიტინგი, რომლის შედგენისას გათვალისწინებულია ორი კრიტერიუმი: რამდენად მაღალია სხვადასხვა ენერგიის წყაროს გარე მოწოდებასთან დაკავშირებული რისკი და რამდენად მედეგია ქვეყანა ამ რისკის მიმართ.
შესაბამისად, სხვადასხვა ენერგიის წყაროები უსაფრთხოების რეიტინგში ლაგდება A-დან (დაბალი რისკი, მაღალი მედეგობა) E-მდე (მაღალი რისკი დაბალი მედეგობა)
შედეგების ანალიზი და სხვა ქვეყნებთან შედარება აჩვენებს, რომ:
- მიუხედავად ნედლი ნავთობის უდიდესი სატრანზიტო ნაკადებისა (მსოფლიო ნავთობის მიწოდების 1%) საქართველო არ იყენებს ნავთობს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რითაც ასევე კარგავს შესაძლო ეკონომიკურ სარგებელს. შესაბამისად, ნედლი ნავთობისთვის MOSES კლასიფიკაცია არ გამოიყენება.
- ქვეყანაში არსებული ნავთობპროდუქტების რეზერვები და, შესაბამისად, მოწოდების შეწყვეტისადმი მედეგობა დაბალია (D) როგორც OECD ქვეყნების, ასევე -ევროკავშირის სტანდარტებით. საჭიროა რეზერვების გაზრდა, რასაც ასევე მოითხოვს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში საქართველოს მიერ განსახორციელებელი დირექტივები.
- ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველია ბუნებრივი გაზით მომარაგება-(E). ესაჭიროება როგორც გარე რისკების შემცირება -მოწოდების დივერსიფიკაციით, ასევე მედეგობის გაზრდა გაზსაცავების მოწყობით და მოხმარების ინტენსივობის შემცირებით; საქართველოში ეროვნული პროდუქტის ერთეულზე გაზის მოხმარება 5-7-ჯერ აღემატება განვითარებული დასავლური ქვეყნების მოხმარებას. ამის მიზეზია მოსახლეობის მიერ მოხმარების მაღალი წილი და ეკონომიკის დაბალი ენერგოეფექტურობა;
- არამდგრადი გამოყენების გამო, ბიომასა (შეშა) არ არის სტაბილური ენერგომომარაგების წყარო - უნდა დარეგულირდეს ტყის უკანონო ჭრები და ალტერნატიული საწვავით უზრუნველყოფის საკითხი; ამისთვის საჭიროა დარგთაშორისი კოორდინაცია და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება;
- ქვეყანაში თხევადი ბიოსაწვავის წარმოება პრაქტიკულად არ ხდება. ეს საკითხი მოითხოვს მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას, მათ შორის, განახლებადი ენერგიის დირექტივის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
- ჰიდროენერგია შედარებით საიმედო ენერგიის წყაროა. საქართველოში წლიური გენერაციის ცვალებადობა დაბალია და მნიშვნელოვან რისკებს არ შეიცავს, თუმცა მოითხოვს უფრო დეტალურ, სეზონურ შეფასებას.
შეფასებისთვის გამოყენებული იქნა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების MOSES (Model of Short Term Energy Security) გაანგარიშების მეთოდოლოგია. განვითარებული (OECD) ქვეყნებისთვის გამოყენებული ამ მეთოდიკით,
გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოყენებითი კვლევები, რაც უარყოფითად აისახება ამ დარგში სტრატეგიული დაგეგმვის და გადაწყვეტილებების ხარისხზე. მოყვანილი გარემოებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მოკლევადიან ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას. აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევების გაგრძელება და მათი შედეგების გამოყენება დარგის განვითარების სტრატეგიასა და რეალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაში.
კვლევის და განხილვის შედეგები გადაეგზავნა ენერგეტიკის სამინისტროს, სემეკს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, თავიანთ საქმიანობაში გასათვალისწინებლად.
კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე