საქართველოს ენერგეტიკის სექტორი რეფორმების ახალ ეტაპზე გადადის
30 ნოემბერს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ მიიღო. საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, 2022 წლიდან ახალი დირექტივების განხორციელებას დაიწყებს, კერძოდ:
დირექტივა 2018/2001 განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ - რომლის საშუალებითაც განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. დირექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებას.
დირექტივა 2018/2002 ენერგოეფექტიანობის შესახებ - მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შენობების ენერგოეფექტიანობას და აწესებს ძველი შენობების ეტაპობრივი განახლების ვალდებულებას.
მმართველობის რეგულაცია 2018/1999 –ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ერთან წესს აწესებს. რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან წარმოადგინონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები (NECP).
ელექტროენერგიის დირექტივა 2019/944 და რისკისთვის მზადყოფნის რეგულაცია 2019/941 - შეიქმნება ენერგეტიკული ბაზრის ახალი, მოქნილი დიზაინი, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, იყვნენ ჩართულები ბაზრის ფუნქციონირებაში, თვითონ აწარმოონ, მოიხმარონ ან გაყიდონ ელექტროენერგია.
გაზის მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია 2017/1938 - რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მოყვანილი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო.
ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ასევე მიიღო დეკარბონიზაციის საგზაო რუკა, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და განხორციელებას ემსახურება, ამის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“ განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობაა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტი. შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური გაზების ემისიის შემცირება 50%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის.
ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან და სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების, ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გზა და საშუალებაა.
საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ სამოქმედო გეგმაზე (NECP), რაც ახალი ენერგეტიკული პაკეტის და მწვანე შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია.