საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება – ანგარიშის პრეზენტაცია
29 მაისს სასტუმრო თბილისი რუმსში ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასა“ და WEG-ის ერთობლივი კვლევის „საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა წარმოაჩენს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების უპირატესობებსა და სარგებელს ევროინტეგრაციის პროცესში. კვლევაში დეტალურადაა წარმოდგენილი ენერგეტიკული გაერთიანების საკანონმდებლო ბაზა, აღსრულების მექანიზმები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და უკრაინის გამოცდილება და ასევე განხილულია საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები.
პრეზენტაციის დასაწყისს ქ-ნმა მანანა ქოჩლაძემ („მწვანე ალტერნატივა“) ისაუბრა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სტრუქტურასა და მის დადებითი და უარყოფით მხარეებზე ხოლო ბ-ნმა მურმან მარაგველაშილმა აღწერა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და ის სარგებელი, რასაც საქართველო ამ გაერთიანებაში გაწევრიანებით მიიღებს.
პრეზენტაციაზე ასევე დეტალურად იქნა გაანალიზებული ევროკავშირის დირექტივები და საქართველოს ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემო გაზისა და ნავთობის, ელექტროენერგიისა და გაზის ფასების გამჭვირვალობის, ელექტროენერგიის ბაზრის, გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ენერგოეფექტურობის კუთხით. შესაბამისი მოხსენებები გააკეთეს პროფესორმა თეიმურაზ გოჩიტაშვილმა და მკვლევარებმა: იაგო ჭიაბრიშვილმა, ნინო მაღრაძემ, ირაკლი მაჭარაშვილმა და თუთანა კვარაცხელიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, დონორები და მედიის წარმომადგენლები.