მე-12 ქართული საერთაშორისო კონფერენცია ნავთობის, გაზისა და ენერგო ინფრასტრუქტურის შესახებ – GIOGIE 2013
2013 წლის 26-27 მარტს თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ“-ში ჩატარდა მე-12 ქართული საერთაშორისო კონფერენცია ნავთობის, გაზისა და ენერგო ინფრასტრუქტურის შესახებ – GIOGIE 2013. კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს 150-მდე დელაგატს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. ქართველმა ექსპერტებმა ძირითადად ისაუბრეს საქართველოს როლზე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის და მიმოიხილეს საქართველოში ჰიდროენერგიის განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები.
„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. მან ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლავს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს სამომავლო გაწევრიანებასა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ენერგეტიკის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე თურქეთის ელექტროენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებასა და ელექტროენერგიაზე შიდა მოთხოვნის ზრდას. დაწვრილებით მიმოიხილა ენერგეტიკის სექტორში არსებული სისტემური პრობლემები და ბარიერები, ხაზი გაუსვა რეფორმირების აუცილებლობასა და მძლავრ, კოორდინირებულ მუშაობის საჭიროებას დონორებსა და მთავრობას შორის.