ევროკავშირის მწვანე კვირეული - ვორკშოპი აღმოსავლეთ პარტნიორობაში მწვანე ქალაქების შესახებ
21-25 მაისს, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მწვანე კვირეულში, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა.
მწვანე კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა მდგრადი განვითარების შესახებ, რომელსაც ორგანიზებას ევროკავშირი უწევს. კვირეულის ფარგლებში იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და დებატები კონკრეტული თემების ირგვლივ. 2018 წლის მთავარი თემა იყო ქალაქების გადაქცევა უფრო კარგ სამუშაო და საცხოვრებელ სივრცედ.
მაღალი დონის კონფერენციის „მწვანე ქალაქები უფრო მწვანე მომავლისთვის“ ერთ-ერთი სესია მიეძღვნა ქალაქების საჭიროებების განხილვას ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, სადაც იმსჯელეს არსებულ ბარიერებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის და აღმოფხვრის გზებზე. ამ თემაზე მონაწილეებმა ნორვეგიიდან, დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან დამსწრეებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და მოლდოვის სამოქალაქო სექტორიდან ვორკშოპზე ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებიც ხელს უწყობენ განვითარებად ქვეყნებში კარგი პრაქტიკის დანერგვას. ხოლო, რამდენადაც პოლიტიკური ნება ჯერ კიდევ გადამწყვეტი ფაქტორია ქალაქის განვითარებისთვის, საჯარო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში პროცესების დაჩქარების და ეფექტურად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.