ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით საქართველოს მთავრობა სათუოს ხდის დამოუკიდებლობის და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს
ჩვენთვის ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამ დახმარების მიღების წინაპირობა ქვეყანაში რეფორმების გატარება და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესრულება იყო, რაც საქართველოს მთავრობამ უარყო, დახმარების მიუღებლობა და უმნიშვნელოვანეს სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება არჩია.
კორონავირუსის პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ევროკავშირის მხარდაჭერის დაკარგვა უპირველესად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აზიანებს, მძიმედ აისახება მათ კეთილდღეობაზე, ჯამრთელობაზე, დასაქმებასა და ღირსეული მომავლის პერსპექტივებზე. ამასთან, დახმარების მიღების პირობების შეუსრულებლობა არის უარი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, რაც მმართველი გუნდის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო. ეს არის ავტორიტარული მმართველობისკენ მიმავალი გზა, რისი საბოლოო შედეგიც პოლიტიკური კურსის შემობრუნება და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაა.
დაბეჯითებით ვთხოვთ მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას ქვეყნის წინსვლისკენ გადადგმულ ნაბიჯებში. ვიწრო ჯგუფური ინტერესები არ უნდა გახდეს ქვეყნის დამოუკიდებელი დემოკრატიული განვითარების და ღირსებისთვის ბრძოლის 30 წლიანი ძალისხმევის უშედეგოდ დასრულების მიზეზი.