ენგურჰესის ტარიფის დადგენა - „ჭეშმარიტების მომენტი“ მარეგულირებელი კომისიისათვის
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ენგურჰესისთვის 2017 წლის ტარიფის დადგენის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომისიის განცხადებით, ენგურის ტარიფის დადგენა ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.
ენგური/ვარდნილის კასკადის გამომუშავება საქართველოს ჰიდროგენერაციის თითქმის ნახევარს წარმოადგენს და ენერგოსისტემის სტაბილობისთვის უმნიშვნელოვანესი სადგურია. ამასთან, ენგურჰესის სამანქანო დარბაზი და ქვესადგური რუსეთის მიერ კონტროლირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ენგურჰესზე ჩვენი ენერგოსისტემის დამოკიდებულება საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ფრთხილი, გათვლილი და პრაგმატული მიდგომა ესაჭიროება.
ენგური/ვარდილის კასკადის გამომუშავების სულ უფრო დიდი წილი მიეწოდება აფხაზეთს, რომელიც ამ ენერგიაში ენგურჰესს არაფერს არ უხდის. უფრო მეტიც, ზამთარში საქართველოს უწევს იმპორტის წარმოება, იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს აფხაზეთის, პრაქტიკულად, შეუზღუდავი მოხმარება, რაც 2010 წლიდან 30%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად ირღვევა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის გამომუშავება უნდა განაწილდეს 40/60 პრინციპით აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ტარიფის დადგენისას, ალბათ, გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტიც, რომ მისი გადამხდელები მხოლოდ არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა და ორგანიზაციები არიან, ან მოიძებნოს შესაძლებლობა დეფიციტის სხვა წყაროებიდან დაფარვისათვის.
ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი ყველა სხვა სადგურის ფასზე ნაკლებია. მისი გადანაწილებით მიიღწევა გამანაწილებელი კომპანიებისათვის ელექტროენერგიის საბითუმო შესყიდვის მეტნაკლებად თანაბარი ღირებულება. ენგურჰესის დღეს მოქმედი ტარიფი 2008 წელს დადგინდა და მას შემდეგ არ შეცვლილა, მიუხედავად ჰესის სარეაბილიტაციო საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებებისა.
სპეციალისტების აზრით, ენგურჰესის მოქმედი ტარიფი არ ასახავს მისი სრულფასოვანი ოპერირების და შეკეთების ღირებულებას. მაგალითად, მასში არ შედის 15 კილომეტრიანი სადაწნეო გვირაბის შეკეთების, ასევე წყალსაცავში არსებული დანალექი ნატანისგან გაწმენდის ღირებულება, რაც მრავალ მილიონ დოლარს მოითხოვს. ეს სამუშაო აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, იმისათვის, რომ ავიცილოთ გვირაბიდან წყლის კარგვა (ინფილტრაცია), შევამციროთ მთელი კომპლექსის დაზიანების საფრთხე და აღვადგინოთ მისი საიმედოობა.
წინასწარ გამოცხადება, რომ „ენგურჰესისთვის” 2017 წლის ტარიფის დადგენის პროცესი ტარიფის მატებას არ გულისხმობს“ შეიძლება მოასწავებდეს იმას, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის და აფხაზეთის მომარაგებიბს ხარჯებს მთლიანად ბიუჯეტი გაიღებს (სხვა სოციალური და განვითარების პროგრამების ხარჯზძე), ან/და იმას, რომ სემეკი კვლავ პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩება, დამოუკიდებელ ეკონომიკრ რეგულირებას ვერ ახდენს და ერიდება ტარიფების ობიექტური სიდიდის დადგენას.
საინტერესოა, როგორ გაართმევს კომისია თავს ხსენებულ სირთულეებს.