ენერგეტიკული დიპლომატია
წინასაარჩევნოდ საკითხავი
ენერგეტიკულ პოლიტიკას საქართველოსთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. წარმატებულმა და ეფექტიანმა პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს გარე წყაროებზე დამოკიდებულების საფრთხეები და უზრუნველყოს ჩვენი გეოგრაფიით და პოლიტიკური კავშირებით განპირობებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი. სუსტმა პოლიტიკამ კი შეიძლება მრავალი ზიანი, გაშვებული შესაძლებლობები და თავად ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა მოიტანოს.
2024 წლის ივნისში პარლამენტის მიღებული სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი ენერგეტიკაში პრიორიტეტულ ამოცანებს და სამოქმედო მიმართულებებს განსაზღვრავს რასაც მომავალი მთავრობის აქტიური მოქმედება ესაჭიროება.
ჩვენ მოკლე პუბლიკაციების სერიაში მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას სადაც ჩვენი აზრით განსაკუთრებულ საჭიროა აქტიური ქმედება. იმედი გვაქვს რომ ეს საკითხები მიიპყრობს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ყურადღებას, მოხვდება წინასაარჩევნო დებატების ასევე მომავალი პარლამენტის და მთავრობის დღის წესრიგში.
ენერგეტიკული დიპლომატია
საქართველოზე გამავალი ნავთობის და გაზის მილსადენების აშენება და ამოქმედება 1996-2002-ში დადებულმა ხელშეკრულებამ გახადა შესაძლებელი, რამაც ქვეყანას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სარგებელი მოუტანა და ჩვენი დამოუკიდებლობის ერთერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს. მხოლოდ ენერგეტიკული სარგებელი წლიურად რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს. ეს გრძელვადიანი ხედვის და პოლიტიკის შედეგი იყო, რამაც საქართველო რეგიონის აქტიურ მოთამაშედ ჩამოაყალიბა. თუმცა, შემდგომ პერიოდში ეს აქტიურობა მნიშვნელოვნად არის შესუსტებული და რეგიონული საერთაშორისო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღება, რაც ბევრ შესაძლებლობას და სარგებელს გვაკარგვინებს. პასიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო ხანებში სხვა ქვეყნების აქტიურობის ფონზე. ამის მაგალითებია:
- აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა დადეს ურთიერთგაგების შეთანხმება (18.07.22), რის მიხედვითაც 2027 წლისთვის ევროკავშირში სამხრეთკავკასიური მილსადენით გაზის მიწოდება უნდა გაორმაგდეს და მას უნდა დაემატოს მწვანე წყალბადი. ამ შეთანხმებაში ქართული მხარე არ მონაწილეობს. უფრო მეტიც, ის საერთოდ არ ყოფილა მიწვეული ბაქოში მემორანდუმის ხელმოწერაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება პირდაპირი მოქმედებს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, სატრანზიტო შემოსავლებზე და უშუალოდ მომხმარებლებზე, ვისაც შესაძლოა მომავალში გაზში შერეული წყალბადი მიეწოდოს.
- საქართველოს და რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საერთაშორისო ინტერესის ცენტრშია. საქართველოს, აზერბაიჯანს უნგრეთსა და რუმინეთს შორის დაიდო შეთანხმება ამ პროექტის განვითარებაზე. ოფიციალურ ცნობებში და კონფერენციებზე პროექტი მოიხსენიება როგორც აზერბაიჯანში წარმოებული განახლებადი ელექტრობის ევროკავშირში ექსპორტის პროექტი მიუხედავად იმისა რომ კაბელი საქართველოდან გადის რუმინეთში ხოლო მიზანშეწონილობის და წინასაპროექტო შესწავლაც საქართველოს მიერ ხორციელდება, ხოლო ჩვენს ჰიდრო-პოტენციალს მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს ამ წამოწყებაში.
- აზერბაიჯანი აფორმებს ხელშეკრულებებს ევროკავშირის ქვეყნებთან გაზის და მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ, ასევე შეთანხმებებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან განახლებადი ენერგიის ექსპორტისათვის კასპიის ზღვაში ელექტროკაბელის ჩადების და ენერგოსისტემების დაკავშირებაზე ელექტროენერგიის ევროკავშირში გატანის შესახებ (01.05.24) აქაც საქართველო არათუ თანამონაწილე, არამედ დამსწრეც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ელექტროენერგიამ საქართველოზე უნდა გაიაროს. გაუგებარია რატომ არ ხდება საქართველოს განახლებადი ენერგიის (მათ შორის ჰიდროენერგიის) და ელექტროგადამცემი ქსელის შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინება მაშინ როდესაც პროექტი მინიმუმ ჩვენს ტერიტორიაზე ტრანზიტს ითვალისწინებს.
- 2022 წ აზერბაიჯანის სოკარი და რუმინეთის რომპეტროლი აფორმებენ მემორანდუმს საქართველოს და შავი ზღვის გავლით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების და საქართველოში გათხევადების ტერმინალის მშენებლობას გულისხმობს. აქაც ინფორმაციაში არ იძებნება საქართველოს მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ გაზმა უნდა გაიაროს ჩვენი მილსადენები. და ჩვენი სანაპიროდან მოხდეს ტრანსპორტირება.
- რეგიონში სხვა აქტიური პროცესები მიმდინარეობს:
- თურქეთი აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან გაზის დიდი მოცულობების გამოტანასა და ევროკავშირში მიწოდებაზე მათ შორის ახალი ტრანსკასპიური მილსადენის გამოყენებით და TANAP მილსადენის გაძლიერებით. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოზე გაზის ტრანზიტი მოითხოვოს სატრანზიტო სიმძლავრეების გაზრდა და გააჩინოს მწვანე წყალბადის ტრანზიტის შესაძლებლობა.
- ყაზახეთი გერმანული ინვესტიციით ავითარებს 50 მილიარდ ევროს ღირებულების პროექტს, რომელმაც 2032 წლისთვის მათ შორის საქართველოს გავლით, უნდა გაიტანოს 2 მილიონი ტონა წყალბადი ან 5-11 მილიონი ტონა ამიაკი. ეს პროექტი უდიდეს ზეგავლენას იქონიებს შუა დერეფნის ჩამოყალიბებაზე და ალტერნატიულ სატრანსპორტო არტერიებს მოითხოვს საქართველოს გავლით.
მთელ ამ დუღილში საქართველო არ ჩანს არც თავისი პროექტებით და განახლებადი ენერგიის პოტენციალით, არც ინიციატივებით და ინტერესებით. საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლები კი როგორც წესი უფრო ფორმალური მონაწილეობის დაფიქსირებაა ვიდრე მიზანმიმართული ქმედება. ამ პასიურობის შედეგად საქართველო გარდაუვლად კარგავს შესაძლებლობებს და იძენს სხვა ქვეყნებზე მეტი დამოკიდებულების საფრთხეებს. აუცილებელია ამ საკითხების დეტალური გარჩევა, პოლიტიკოსების და ექსპერტების დონეზე; დამაჯერებელი და თანმიმდევრული რეგიონული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ამით საქართველოს ინტერესების და გარკვეულწილად სუვერენიტეტის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე.