დისკუსია ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ
8 მაისს WEG-ის ოფისში მოეწყო ენერგეტიკის სპეციალისტების შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე. განხილულ იქნა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის, სტრატეგიის და დაგეგმვის საკითხები. შეხვედრაზე WEG-ის მკვლევარ-ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს ენერგეტიკული სტრატეგიების შემუშავების მსოფლიო გამოცდილება 19 ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის და პოლიტიკის დოკუმენტების მაგალითზე, ასევე ისაუბრეს ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე საქართველოს ენერგეტიკის MARKAL მოდელის მაგალითზე.
განხილვაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგოეფექტურობის ცენტრის, ნავთობის კომპანიების ასოციაციის, ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაციის, სახელმწიფო და კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.
აქტიური დისკუსიის შემდეგ, დამსწრეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის საერთაშორისო სტანდარტის ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებას და ამ პროცესში ენერგეტიკული სტრატეგიების საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას, ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე. მონაწილეთა უმეტესობის მიერ გამოითქვა სურვილი, რომ გაგრძელდეს ანალოგიური განხილვები, ასევე გამოიძებნოს ამ საკითხებზე ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ეფექტური თანამშრომლობის ფორმები.