აფხაზეთი - საქართველოს ენერგეტიკის შავი ხვრელი
წინასაარჩევნოდ საკითხავი
ენერგეტიკულ პოლიტიკას საქართველოსთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. წარმატებულმა და ეფექტიანმა პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს გარე წყაროებზე დამოკიდებულების საფრთხეები და უზრუნველყოს ჩვენი გეოგრაფიით და პოლიტიკური კავშირებით განპირობებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი. სუსტმა პოლიტიკამ კი შეიძლება მრავალი ზიანი, გაშვებული შესაძლებლობები და თავად ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა მოიტანოს.
2024 წლის ივნისში პარლამენტის მიღებული სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი ენერგეტიკაში პრიორიტეტულ ამოცანებს და სამოქმედო მიმართულებებს განსაზღვრავს რასაც მომავალი მთავრობის აქტიური მოქმედება ესაჭიროება.
ჩვენ მოკლე პუბლიკაციების სერიაში მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას სადაც ჩვენი აზრით განსაკუთრებულ საჭიროა აქტიური ქმედება. იმედი გვაქვს რომ ეს საკითხები მიიპყრობს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ყურადღებას, მოხვდება წინასაარჩევნო დებატების ასევე მომავალი პარლამენტის და მთავრობის დღის წესრიგში.
აფხაზეთი - საქართველოს ენერგეტიკის შავი ხვრელი
აფხაზეთში ელექტროენერგიის გადაუხდელი მოხმარება განუხრელად იზრდება და 2023 წელს მისმა წილმა საქართველოს ჯამურ მოხმარებაში 20%-ს გადააჭარბა, ანუ საქართველოს ენერგოსისტემაში ყოველი მეხუთე კილოვატსაათი ელექტროენერგია აუნაზღაურებლად მოიხმარება. სიტყვიერი შეთანხმება, რის მიხედვითაც ენგურის კასკადის (ენგურჰესი, ვარდნილჰესი) გამომუშავება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60 პროპორციით უნდა განაწილდეს, დარღვეულია და აფხაზეთს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიაქვს. უფრო მეტიც, პერიოდულად საქართველო რუსეთიდან ყიდულობს ელექტროენერგიას აფხაზეთში დეფიციტის დასაფარავად. უფასოდ წაღებული ელექტროენერგია აფხაზეთში უკიდურესად უყაირათოდ მოიხმარება და ასევე აქტიურად გამოიყენება კრიპტო-მაინინგისთვის, რასაც, მწვავე დეფიციტის ასარიდებლად, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის აღმკვეთი რეიდები მოსდევს ხოლმე. ელექტროენერგია, რომელსაც შეიძლება ფინანსური სარგებელი მოჰქონდეს, უბრალოდ იფლანგება.
ეს პრობლემა ათწლეულებია ენერგეტიკული და საშინაო პოლიტიკის ყურადღების მიღმა დგას. არ არის შემუშავებული მის გადასაჭრელად რაიმე სამოქმედო პრინციპები ან გეგმა. პოლიტიკური უმწეობა კი ინიღბება განცხადებებით, რომ აფხაზები ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ მათი ელექტროენერგიის უფასოდ მოხმარების ხარჯი უნდა გავიღოთ.
შედეგად, გარდა ფინანსური ზარალისა, აღნიშნული მდგომარეობა მრავალმხრივ აზიანებს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას და მომხმარებლებს. მათ შორის
- ენგურჰესი, ჩვენი ენერგეტიკის უმთავრესი ობიექტი, მუშაობს დამაზიანებელი რეჟიმით: მუდმივად ხდება წყალსაცავში დასაშვებზე დაბლა დონის დამუშავება, რაც აზიანებს ნაგებობის უსაფრთხოებას და ამცირებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
- კასკადის შესაძლებელზე ნაკლებ ელექტროენერგიას იძლევა, ვინაიდან არ მიყვება მუშაობის ოპტიმალურ სეზონურ გრაფიკს;
- ენგურჰესი ვერ ასრულებს თავის მთავარ საპროექტო დანიშნულებას ის არ მუშაობს როგორც პიკური სადგური. ამის გამო ა. ზარალობს ენერგოსისტემის სტაბილობა და საჭირო ხდება დამატებითი ხარჯები ინფრასტრუქტურაში ბ. გართულებულია ცვალებადი ქარის და მზის სადგურების მშენებლობა და აქაც დამატებითი ხარჯებია საჭირო გ. სადგური და ქვეყანა ვერ იღებს სარგებელს რაც შიგა და რეგიონულ ბაზარზე დაბალნსების სერვისით შეიძლებოდა მიგვეღო.
ბუნებრივია ამის საფასურს ისევ ჩვენი ეკონომიკა, ელექტროსისტემა და მისი მომხმარებლები ვიხდით.
რა უნდა გაკეთდეს?
უპირველესად საჭიროა თავად პრობლემის აღიარება და მის გადაწყვეტაზე მიზანმიმართული მუშაობის დაწყება. საჭირო და შესაძლებელია:
- ჩამოყალიბდეს და ამოქმედდეს აფხაზეთთან მიმართებით, პრაგმატული ენერგეტიკული პოლიტიკა, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების დაცვას და ფლანგვის აღკვეთას ხოლო ამავე დროს შესაძლებელს გახდის აფხაზებთან საერთო ინტერესების გამოძებნას და მათზე თანამშრომლობას.
- შემუშავდეს საქმიანი, ურთიერთსასარგებლო წინადადებები, მათ შორის ელექტროენერგიის საქართველოს და რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე გატანის ექსპორტის და ფულადი შემოსავლების მიღების წინადადებები, რაც გააჩენს აფხაზეთში ელექტროენერგიის ყაირათიანად გამოყენების სტიმულებს.
- შემუშავდეს და მოისინჯოს წინადადებები აფხაზეთში ელექტროენერგიის აღრიცხვის და ეფექტიანად გამოყენების, ასევე განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის. ეს ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს მათ შორის დაზოგილი ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით ამისთვის კი მოისინჯოს აფხაზეთში დონორული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
სასურველია ეს ნაბიჯები ხორციელდებოდეს აფხაზეთის მიმართ ერთიანი კომპლექსური პოლიტიკის ფარგლებში, სადაც გააზრებული და შეთავაზებული იქნება ურთიერთობის და თანაცხოვრების პრინციპები და შესაძლებლობები. თუმცა, ასეთის არქონის პირობებშიც, ზემოთ მოყვანილი ნაბიჯები შეიძლება გახდეს საწინდარი ურთიერთობების აღდგენის, თანაცხოვრების ფორმების მოსინჯვის და ორმხრივი სარგებლის მიღების, რაც თითქოს საშური საქმე უნდა იყოს ენგურის ორივე მხარეს. ასეთი მიდგომა პოლიტიკური სიმწიფის მაგალითიც იქნებოდა თუმცა, ამაზე უმჯობესია პოლიტიკის სპეციალისტებმა იმსჯელონ ჩვენ კი მხოლოდ ენერგეტიკული არგუმენტებით შემოვიფარგლებით.