WEG-ის განცხადება ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეერთების შესახებ

მთავრობის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება როგორც დამოუკიდებელი ერთეული და უერთდება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ცვლილება შემდგარი ფაქტია, რომელსაც შეიძლება როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგები მოყვეს. მათ შორის ის ოპტიმიზაციის, გარკვეულ შესაძლებლობებს აჩენს, რაც სასურველია ეფექტურად იქნას გამოყენებული. სამინისტროების გაერთიანებით სავარაუდოდ გაადვილდება ენერგეტიკული, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის, საინვესტიციო გარემოს,  მათ შორის დაგეგმვის საკითხების გადაწყვეტა. გაერთიანება ასევე იძლევა შესაძლებლობას, ენერგეტიკაში მეტი ყურადღება მიექცეს ეკონომიკური მიზანშეწონილობას.   

ამავე დროს, აუცილებელია არ შესუსტდეს არამედ პირიქით გაძლიერდეს ძალისხმევა ენერგეტიკის ძირეული სტრატეგიული ამოცანების მიმართ რომელთა გადაწყვეტაზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული:

  1. ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება და განმტკიცება უპირველეს სტრატეგიულ ამოცანად რჩება. დღემდე არა გვაქვს ენერგეტიკული სტრატეგია და სექტორის განვითარების პრიორიტეტების დასაბუთებული ხედვა.  გაზის და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულება, ენგურჰესის და აფხაზეთის მზარდი მოხმარების საფრთხეები, სოფლის მოსახლეობის გათბობის მდგრადი უზრუნველყოფა, ენერგეტიკული სუბსიდირების და სატარიფო პოლიტიკის ოპტიმიზაცია, გარე და შიგა ბაზრებში მეზობელი ქვეყნების ინტერესებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება; ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ამოცანებისა, რაც მოითხოვს მაღალპროფესიულ, გააზრებულ და გრძელვადიან სახელმწიფოებრივ მიდგომას.
  2. ასოცირების შეთანხმების და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ენერგეტიკის რეფორმირება მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური პრობლემის გადაწყვეტის და ენერგეტიკის მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ის მოითხოვს წლების განმავლობაში უსისტემო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ინსტიტუციური გარემოს ძირეულ გარდაქმნას.  რეფორმებს დადგენილ ვადებში ჩატარება უდიდესი გამოწვევაა. სასურველია, ჩამოყალიბდეს ენერგეტიკის რეფორმირების მკაფიო ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებლობების სწორი განაწილებით, რათა რეფორმის პროცესები წარიმართოს პროფესიულად, პროექტების მართვის დამკვიდრებული მეთოდების გამოყენებით[1].
  3. სტრატეგიული სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება ასევე რჩება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. არსებული სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერა და ახალ შესაძლებლობებზე მუშაობა უნდა განხორციელდეს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთქმედებაში საკუთარი ინტერესების მაქსიმალური დაცვით.  
  4. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კვლევების და გადაწყვეტილებათა ანალიტიკური უზრუნველყოფის, მათ შორის, დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება; იმისათვის რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს არსებული რეალობის და ტენდენციების ღრმა ანალიზის გარეშე, შეცდომების მაღალი რისკით.

ამასთან ერთად, აქტუალურად რჩება მრავალი მნიშვნელოვანი, მოკლე და საშუალო ვადიანი, ამოცანა, რაც ეკონომიკური, პოლიტიკური, გარემოს დაცვის და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ენერგეტიკის სამინისტროში არსებული კვალიფიკაციის და გამოცდილების შენარჩუნება და სათანადოდ გამოყენება.

რეფორმის შედეგად იზრდება მარეგულირებლის როლი და პასუხისმგებლობა. ამიტომ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების, ევროკავშირის დირექტივების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საჭიროა აღდგეს მისი ფუნქციები ბაზრის რეგულირებაში.

ვიმედოვნებთ, რომ მეტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პირობებში, ჩამოყალიბდება ეფექტური პროფესიული სამუშაო გარემო და მექანიზმები, რითაც სამთავრობო სტრუქტურები, ენერგეტიკული ორგანიზაციები, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორი, მკვლევარი სპეციალისტები და საერთაშორისო პარტნიორები ითანამშრომლებენ სექტორის რთული გამოწვევების დასაძლევად.

 

[1] იხ. WEG  ინფორმაცია რეფორმების საკოორდინაციო შეხვედრის შესახებ (ბმული)

 

პარტნიორები და დონორები