საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება და მონიტორინგის ეფექტური სისტემები

2017 წლის 9 ნოემბერს WEG-ის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება და მონიტორინგის ეფექტური სისტემები.

შეხვედრის მიზანი იყოენერგეტიკულ გაერთიანებაშიგაწევრიანების ერთი წლის თავზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე პროცესების შეფასება. ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო დღემდე მიღწეული პროგრესის და გამოწვევების ანალიზს. მონაწილეებმა პროცესის გააქტიურების გზებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დანიელ ჰაასი, ევროკავშირის წარმომადგენლობიდან საქართველოში კარლო ნატალე და ანდრეი ბარტოსევიჩი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი, სემეკის წარმომადგენელი - ზვიად გაჩეჩილაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა, WEG-ის დირექტორი მურმან მარგველაშვილი, დონორები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გიორგი იქოვანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე რეფორმებზე საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში, შეაფასა არსებული ვითარება და აუდიტორიას სამომავლო მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები გააცნო, რაც გულისხმობს ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებას და დირექტივების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების გეგმის შემუშავებას სექტორებისა და ვადების მიხედვით.

სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ მარეგულირებლის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ძლიერი და დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყების არსებობის აუცილებლობაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება ევროდირექტივებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებით. პრობლემურ საკითხებს შორის დასახელდა ელექტროენერგიისა და გაზის სექტორში მონოპოლიური და კონკურენტული საქმიანობების გაყოფა,  მომხმარებელთა დაცვა, ბაზრის ღიაობა და ..

იანეშ კოპაჩმა რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასა და, სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითების მოყვანის შემდგომ, წარმოადგინა რეკომენდაციები რეფორმების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის. მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების როლზე მიმდინარე პროცესებში, როგორც მოქალაქეთა ინფორმირებისა თუ რეფორმების მონიტორინგის მნიშვნელოვან წარმმართველზე

მურმან მარგველაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ვალდებულებებზე ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში. ყურადღება გაამახვილა რეფორმების ერთიანი გეგმის არსებობისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების აუცილებლობაზე, რადგან ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს. მან ასევე გამოყო ვალდებულებების შესრულების პროცესში სახელმწიფოს მიერ როგორც წარმატებით გადადგმული, ასევე დაგვიანებული და შეფერხებული ნაბიჯები, მიმოიხილა მათი გადაჭრის გზები და საშუალება მისცა დამსწრეებს ემსჯელათ სხვა გადაწყვეტებზე.

შეხვედრის დასასრულს, დონორმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მიმდინარე თუ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებითაც დაეხმარებიან მთავრობას რეფორმების განხორციელებაში. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა კოორდინირებული მოქმედების საჭიროება, რომ არ მოხდეს საქმიანობების გადაფარვები ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებს შორის მაშინ, როდესაც გარკვეული საკითხები ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს.

ღონისძიება გაიმართა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კოორდინაციით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.

 

პარტნიორები და დონორები