ნიკოლოზ გვაზავა
ნიკოლოზ გვაზავა არის სპეციალისტი ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ენერგიის წყაროების სფეროში, რომელიც მუშაობდა და კონსულტაციებს უწევდა მრავალ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციას საქართველოს ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში.
წარმოშობით თბილისელმა, ნიკოლოზ გვაზავამ 1981 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში 1981-1983 წწ.-ში. 1983 წელს მან გააგრძელა სწავლა რუსეთში, მოსკოვის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტში და 1989 წელს მიიღო მეცნერებათა კანდიდატის წოდება ჰიდრავლიკასა და ინჟინერულ ჰიდროდინამიკის განხრით. ამ პერიოდის განმავლობაში მისი კვლევები უკავშირდებოდა ეკოლოგიურად სუფთა და გარემოს მიმართ ნაკლებად საზიანო ენერგიის წყაროებს (ქარის, ზღვის მოქცევის, ორთქლისა და მზის ენერგია). ორი წლის განმავლობაში ბ-ნი გვაზავა ხელმძღვანელობდა განახლებადი ენერგიის წყაროების კვლევის სპეციალურ ლაბორატორიას მოსკოვის ინსტიტუტ “ვოდოკანალის” თბილისის განყოფილებაში. (1989-1991წწ.)
ბ-ნ გვაზავას აქვს მრავალხრივი გამოცდილება ეკოლოგიისა და ენერგეტიკის საკითხებში, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ სექტორებთან მიმართებით. 1993 წელს იგი მრჩეველის სტატუსით მიწვეულ იქნა საქართველოს პარლამენტში, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიაში. 1995 წელს მან გაიარა სპეციალიზირებული ტრენინგი ევროპის გარემოს დაცვის კანონმდებლობის განხრით დე მონფორტის უნივერსიტეტსა (ქ. ლესტერი, დიდი ბრიტანეთი) და ლინიკერ კოლეჯში (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი).
1996 წელს ბ-მა გვაზავამ დაიწყო მუშაობა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში (GIOC). იგი მონაწილეობას იღებდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტში როგორც სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების საკითხების დირექტორი. 1997 წელს ბ-მა გვაზავამ მონაწილეობა მიიღო მაღალი რანგის ოფიციალური პირთათვის განკუთვნილ სპეციალიზებული ტრეინინგის პროგრამაში, რომელიც ჩატარდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ნავთობის კვლევის კოლეჯში (College of Petroleum Studies, დიდი ბრიტანეთი). 1997 დან 1998 წლამდე იგი მონაწილეობდა GIOC-ს მიერ ჩატარებულ ყველა ძირითად შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში უცხოურ კომპანიებთან და კოორდინაციას უწევდა ნავთობის კორპორაციის საერთაშორისო ურთიერთობებს. 1998 წელს ბ-ნი გვაზვა იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის მოლაპარაკებებში დელეგაციის წევრი. მას აქვს გაკეთებული საჯარო მოხსენებები სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, რომელთა ორგანიზიტარობი იყვნენ ევროკავშირი, ნატო, ტასისი, ენერგეტიკული ქარტია და ა.შ
1999 წლიდან ნიკოლოზ გვაზავა მუშაობს საერთაშორისო კორპორაცია ABB –ში (Asea Brown Boveri), კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორად. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში 1999-2006 წლებში ABB-მ განახორციელა რამოდენიმე მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოს ენრეგეტიკის სფეროში. ამ პროექტებით მოხდა საქრთველოს ელექტროსადგურების რეაბილიტაცია და განახლება, საშუალო და მაღალი ძაბვის ახალი მოწყობილობების მონტაჟი, ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა, მათ შორის ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის მოწყობა. ამჟამად ბ-ნი გვაზავა კოორდინაციას უწევს და აფართოვებს კომპანია ABB-ს მოქმედებებს საქართველოსა და სასომხეთში რეგიონალური მენეჯერის რანგში.