ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები
ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობით ქვეყანა მრავალმილიარდიან სარგებელს კარგავს.
2020 წლის 7 აგვისოს, USAID ენერგეტიკული პროგრამის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარზე, WEG-მა ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები წარმოადგინა. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ USAID-ის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა სამინისტროების, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და სემეკის ოფიციალური პირები და სპეციალისტები, ენერგეტიკული საწარმოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
კვლევა აჩვენებს, რომ ენერგეტიკაში სტრატეგიულ ანალიზზე და კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებით, მომავალ ათ წელიწადში, შესაძლებელია მრავალმილიარდიანი ეკონომიკური სარგებლის მიღება. გარდა ამისა, სტრატეგია ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, დასაქმების ზრდას, მოსახლეობის ინტერესების უკეთ დაცვას და სახელმწიფო პოლიტიკისადმი ნდობის მოპოვებას.
მართლაც, წინა კვლევები და სპეციალისტებთან კონსულტაციები აჩვენებს, რომ ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობა დიდწილად განაპირობებს ენერგეტიკის სექტორში პრობლემების დაგროვებას: მათ შორის, ენერგეტიკული იმპორტის და მონოპოლიური დამოკიდებულების ზრდას, კერძო ინვესტივიების შემცირებას და სახელმწიფოს საინვესტიციო ხარჯების ზრდას, არაეფექტური სატარიფო სუბსიდირებას და მოსახლეობის წინააღმდეგობას ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი, ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის რესურსების გამოუყენებლობას, რაც ჯამში სექტორს და ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს და განვითარების საფრთხეებს უქმნის. ამ პრობლემების დაძლევისათვის აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი, სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება და განხორციელება, რასაც სათანადო ანალიტიკურ და კვლევითი უზრუნველყოფა და პოლიტიკური ნება სჭირდება.
კვლევაში WEG-მა განიხილა სტრატეგიის შემუშავების სამი შესაძლო სცენარი, რომელთაგან უპირატესად გამოვლინდა სამინისტროს მიერ სტრატეგიაზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების და ენერგეტიკულ კვლევებზე, სულ მცირე წელიწადში 1 მილიონი ლარის გამოყოფა და შედეგების პოლიტიკაში გათვალისწინება. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში 18-20 მილიონი ლარის დახარჯვამ შეიძლება 7-10 მილიარდი ლარის სარგებელი მოიტანოს.
აუცილებელია, რომ მთავრობამ გააცნობიეროს ენერგეტიკაში სტრატეგიულ კვლევების და მათი პოლიტიკაში გათვალისწინების მნიშვნელობა - ის, რომ ამ მხრივ გასაწევი მინიმალური ხარჯები მრავალ ასეულჯერ მეტი ფინანსური სარგებლის მომტანია, რასაც მრავლად ემატება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის სხვა სარგებლები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა ენერგეტიკაში სტრატეგიული უნარების გასაძლიერებლად. ამისთვის, აუცილებელია, დაიწყოს საბიუჯეტო ინიციატივები შესაბამისი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად, ასევე გამოყენებულ-იქნას მიმდინარე და დაგეგმილი დონორული პროექტები და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმების (ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია და სხვა.) შემუშავების პროცესები.
კვლევა USAID ენერგეტიკული პროგრამის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი იყო სიღრმისეული ენერგეტიკული სტრატეგიების შემუშავების ეფექტიანი და ოპტიმალური გზების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის არსებული ბარიერების დაძლევის გზების შეთავაზება.
კვლევის სრული ანგარიში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.