კორონავირუსის გავრცელების სიმულაციური მოდელი (COVID19 GE)
WEG-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტის სპეციალისტების მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების სიმულაციური მოდელი COVID19 GE დამუშავდა.
მოდელი მიუთითებს, რომ განხილულ არა კატასტროფულ სცენარში (როდესაც ინფექციის გავრცელება მიმდინარეობს თანდათანობით და არ ხდება ერთბაშად დაავადებულთა რიცხვის ზრდა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა), ეპიდემიის შენელების და შემდგომი კლების ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი 7-8 თვის განმავლობაში, თუ კი არ მოხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა მკურნალობის კუთხით ან არ იქნება შემუშავებული დამატებითი ღონისძიებები.
ეს მიუთითებს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საჭიროა გეგმების შემუშავება საზოგადოების ინფორმირების, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ბიზნესის და მოსახლეობის დახმარების და ა.შ. კუთხით. ღონისძიებები უნდა იყოს ეპიდემიასთან ბრძოლის ერთიანი, გრძელვადიანი გეგმის ნაწილი.
განხილული მოდელი ასევე აჩვენებს, რომ სიკვდილიანობის შემცირების ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა არის სოციალური დისტანცირებით გადაცემის რისკების შემცირება და დაავადებათა ექსპონენციალური ზრდის შეზღუდვა. შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური იზოლირების შენარჩუნებას და გაძლიერებას და ამისთვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი რესურსის ოპტიმალურ, ფოკუსირებულ გამოყენებას.
მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს საკომუნიკაციო კამპანია სადაც, ინფორმირებასთან ერთად, მეტი ყურადღება დაეთმობა მოსახლეობის მოტივირებას და რეკომენდაციების მიწოდებას იზოლაციის დროს ოპტიმალური ქცევის წესების შესახებ. ასევე სასურველია, საზოგადოების ჩართულობით განვითარდეს იზოლირებულთა ფოკუსირებული ლოგისტიკური და ფინანსური დახმარების მექანიზმები. დახმარება უპირველესად უნდა მიეწოდოს მათ, ვისაც თვით იზოლირება მეტ სასიცოცხლო პრობლემებს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ მოდელი არ ანაცვლებს პროფესიული ეპიდემიოლოგიური მოდელების და პროფესიული ანალიზის საჭიროებას, თუმცა შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტი პოლიტიკის ანალიზის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. მოდელი არ ახდენს წინასწარმეტყველებებს, არამედ, წარმოადგენს ეპიდემიაზე და მის შედეგებზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის, სცენარების შედარების და სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრის საშუალებას.
დეტალური ინფორმაცია მოდელის პარამეტრებისა და მახასიათებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ასევე შეგიძიათ ჩამოტვირთოთ მოდელი და პარამეტრების ცვლილებით დააკვირდეთ სხვადასხვა შესაძლო სცენარს. პროგრამის VENSIM PLE ჩემოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან www.ventana.com, ხოლო COVID19GE ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან, მოდელის განხილვის ვებინარის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.