ენერგეტიკული ტარიფები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
4 მარტს ილიას უნივერსიტეტში WEG-ის ახალი კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა. კვლევა ენერგეტიკულ ტარიფებსა და სოციალურად დაუცველი (მოწყვლადი) მოსახლეობის დაცვის საკითხებს ეხება.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები ინფლაციის გათვალისწინებით კლების ტენდენციით ხასიათდება (2009 წლის ფასებში ელექტროენერგია გაიაფდა 17%-ით ხოლო გაზი -20%-ით) ხოლო მოსახლეობის შემოსავლები, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემოსავლები - იზრდება (მოსახლეობის საშუალო შემოსავალი, ინფლაციის გათვალისწინებით გაიზარდა 1.5 ჯერ, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დეკლარირებული შემოსავლები და დახმარების ოდენობა გაიზარდა 1.8 ჯერ).
ამასთან, ენერგეტიკული სუბსიდიის გამოკლებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ელექტროენერგიისა და გაზის გადასახდელები მათი მთლიანი შემოსავლის 10%-ს შეადგენს. ელექტროენერგიის ხარჯების წილი მოწყვლადი მომხმარებლების მთლიანი შემოსავლების 4%-ია, ხოლო ბუნებრივი გაზის ხარჯები - 6%. მონაცემები მიუთითებს, რომ თუ მაგალითად თუ 2009 წელს შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლით შეიძლებოდა 1154 მ3 გაზის ან 3650 კვტ. სთ ელექტროენერგიის შეძენა, 2018 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად გახდა 2063 მ3 გაზის ან 6055 კვტ. სთ ელექტროენერგიის ტოლი. ენერგიის ხელმისაწვდომობა გაიზარდა (ტარიფის თანაფარდობა შემოსავალთან) გაზის შემთხევაში საშუალოდ, 79%-ით, სოციალურად დაუცველი ფენისთვის 133%-ით, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში საშუალოდ 65% -ით და სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის 116/%-ით.
თუმცა ტარიფების და შემოსავლების საშუალო მაჩვენებლები არ არის საკმარისი საერთო სურათის ასახსნელად და აუცილებელია კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ანალიზი.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ენერგეტიკული დახმარების ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას, როგორც თბილისსა და რეგიონებს შორის ასევე ღარიბ და შეძლებულ მოსახლეობას შორის.
თბილისში დახმარება გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და შეადგენს წელიწადში საშუალოდ 530 ლარს (დახმარება გაიცემა 5 თვეზე, თვეში 106 ლარის ოდენობით, მოიცავს), ხოლო რეგიონებში ცენტრალური მთავრობა ახდენს ტარიფის სუბსიდირებას 3.9. თეთრით. რეგიონებში გაცემული დახმარება მონეტარულ მაჩვენებელში წელიწადში დაახლოებით 50 ლარს შეადგენს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაზის ტარიფის საქართველოში სუბსიდირებულია მთლიანი მოსახლეობისათვის. ეს სუბსიდია შეფასებულია როგორც წლიურად 200 მლნ დოლარი, მაშინ როცა მთლიანი სოციალური დახმარების მოცულობა დაახლოებით 110 მილიონი დოლარის ეკვივალენტია, ხოლო ფულადი დახმარების მიღმა არის დარჩენილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (65 000 დან 100 000 სარეიტინგო ქულამდე მოსახლეობის კატეგორია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით).
ტარიფის სუბსიდირება არაეფექტიანი სქემაა მიზნობრივ ვაუჩერულ ან ფულად დახმარებასთან შედარებით. ზრდის უთანასწორობას, ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ხელს უშლის ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას.
სასურველია სოციალური დაცვის და ენერგეტიკული დახმარების სისტემის დახვეწა, მათ შორის ენერგეტიკული დახმარების მიზნობრიობის, თანასწორობის და სეზონურობის გათვალისწინებით.
კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე