ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობა ენერგეტიკაში
7 დეკემბერს, ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გამართა კვლევის „ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობა ენერგეტიკაში“ პრეზენტაცია და ზამთარში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელა.
ღონისძიებაზე განხილულ-იქნა აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების საკითხები, შეშით მომარაგების პრობლემები და ბუნებრივი აირით მომარაგების გამოწვევები.
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებობს ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული არაერთი ხარვეზი, რაც ხელს უშლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. განსაკუთრებით პრობლემურია ენერგეტიკული სუბსიდიების გამჭვირვალობა, გაზის ბაზრის გამჭვირვალობა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მემორანდუმებში ფასის დადგენის პრინციპები.
შეხვედრის მეორე ნაწილში ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა, ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა მყარი ბიომასის რესურსებზე საქართველოში და მათ მდგრადად გამოყენებაზე. გარდა არსებული პრობლემების მიმოხილვისა, მომხსენებელმა სექტორის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ტყის ფონდის მიწების შემცირება და არასრულყოფილი მონაცემები, ტყის აღდგენა და სანიტარული მდგომარეობა, მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება მერქნულ რესურსზე და სხვ.
შეხვედრის დასასრულს, WEG-ის დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის და აფხაზეთის ენერგომომარაგების ძირითადი გამოწვევებზე. მისი თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი, გადაუხდელი მოხმარება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ენერგეტიკული და ფინანსური რესურსების გადინებისა, მზარდი მოხმარება აუარესებს ენგური-ვარდნილის კასკადის ტექნიკურ მდგომარეობას და მთლიანი ენერგოსისტემის ექსპლუატაციის პირობებს, ზრდის რუსეთზე და აზერბაიჯანზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და ქმნის დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს, რაც ჯამში შეიძლება ენერგეტიკაში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის ფორმად ჩაითვალოს.
პრობლემის მოგვარებისთვის, მიზანშეწონილია:
- მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო ინფორმირება ენერგეტიკაში მოქმედი „მცოცავი ოკუპაციის“ შესახებ მათ შორის მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან. გამოიძებნოს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობის მექანიზმები;
- მოხდეს დიალოგის არსებული არხებით აღნიშნული თემის აქტუალიზაცია აფხაზურ და რუსულ მხარეებთან;
- აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება და ღია დიალოგი საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, როგორც აფხაზეთში ასევე დანარჩენ საქართველოში.
- საქართველოს მთავრობამ უნდა შეაფასოს ენგურჰესის ექსპლუატაციის და მისი გამომუშავების განაწილების ჩამოყალიბებული პრაქტიკა და დეტალურად განიხილოს ასეთ პირობებში ენგურჰესში გაზრდილი ინვესტირების მიზანშეწონილობა სხვა ალტერნატივებთან შედარებით.
- უნდა გაძლიერდეს მუშაობა ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების მიმართულებით. მათ შორის ერთიანი ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება და მის ფარგლებში ახალი მნიშვნელოვანი გენერაციის წყაროების განვითარება.
პრეზენტაციების შედეგ გაიმართა დისკუსიები, რომლებშიც დამსწრეებმა, მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებზე გარემოს და ჯანმრთელობის მინიმალური დაზიანებით, ზამთრის ენერგომომარაგების გამოწვევებსა და რისკებზე.
შეხვედრა ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და წარმოადგენდა WEG-ის 2017 წლის სემინარების სერიის დასკვნით ღონისძიებას.