სემინარი „ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად“"

26 აპრილს, ილიას უნივერსიტეტში ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გამართა სემინარი „ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად“.

სემინარის მიზანი იყო ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში და ამისათვის დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა.

დირექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ ადგენს საერთო ჩარჩოს რათა ხელი შეუწყოს ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას. ექსპერტმა განახლებადი ენერგიის საკითხებში, ნინო მაღრაძემ დირექტივის მიზნებზე და ძირითად მოთხოვნებზე, ასევე ხელშეწყობის მექანიზმებზე დეტალურად ისაუბრა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.  მათი განხილვის ძირითადი თემები იყო:

  • ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ხელშეწყობის არსებულ მექანიზმები;
  • ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისათვის  დაგეგმილი ღონისძიებები; 
  • ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების მთავარი პრობლემები და ბარიერები; 

დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა არაერთი პრობლემატური საკითხი, რაც განახლებადი ენერგიის განვითარებას და წყაროების ეფექტურად გამოყენებას აფერხებს.

აღინიშნა, რომ საქართველოში არასტაბილური საკანონმდებლო გარემოა, რაც არ იძლევა საინვესტიციო სტიმულირებას განახლებადი ენერგიების განვითარებისათვის. ასევე, არსებული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თანაბარ მიდგომებს განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების (ჰიდრო, ქარი, ბიომასა, სხვ.) განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

დამსწრეებმა მზაობა გამოთქვეს სტაბილური საკანონმდებლო გარემოს შექმნის, ასევე დაგეგმვის მოდელების, სტრატეგიებისა და გრძელვადიანი ხედვის შემუშავების პროცესში მთავრობის დახმარებისა და მისთვის რეკომენდაციების მომზადებისთვის. ისინი ასევე  შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქარისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, აგრეთვე, ბიომასის, გეოთერმული ენერგიისა და სხვა განახლებადი წყაროების განვითარების პოტენციალის შესახებ.

პარტნიორები და დონორები