სამუშაო შეხვედრა ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ

6 მარტს სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის და ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ; შეხვედრა ერთობლივად გახსნეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელმა სტეფან ჰეიკინმა.

სამუშაო შეხვედრაზე USAID-ის ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის რეგიონული პროექტის წარდგენის შემდეგ, IRG-ს და WEG-ის ანალიტიკოსთა ჯგუფმა წარმოადგინა საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარების სცენარები მომავალი ოცი წლისათვის, სადაც გაანალიზებულ იქნა ენერგეტიკული სისტემის ხარჯები, იმპორტი, დამატებითი ელექტროსადგურებისათვის საჭირო ინვესტიციები და შესაძლო ნახშირბადის გაფრქვევები. შეხვედრა ღია დისკუსიის პირობებში გაგრძელდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ მთავრობისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ენერგეტიკის კერძო სექტორისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად აგრძელებს მუშაობას ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის მოდელის გაუმჯობესებაზე, რაც მომავალში გაადვილებს ენერგეტიკული უსაფრთხოების და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის, ასევე ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის და კლიმატის ცვლილების კონტექსტში არსებული პრობლემების საფუძვლიან განხილვას და მოგვარებას.

პარტნიორები და დონორები