კომენტარი „გაზპრომ ექსპორტთან“ შეთანხმების შესახებ

11 იანვარს, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სომხეთში გაზის ტრანზიტზე „გაზპრომ ექსპორტთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგები, რის მიხედვითაც საქართველო კარგავს გაზის ტრანზიტის დღემდე მოქმედ სარგებელს და გაუარესებულ პირობებს თანხმდება. კერძოდ:გაზის გატარების საფასური გადადის ფულად ანაზღაურებაზე. ამის გამო საქართველოს გაზმომარაგება გაზის ფასის ცვალებადობის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება.

- ცნობილია, რომ ახალი პირობებით მისაღები ფულადი ანაზღაურება რამდენჯერმე ნაკლებია ვიდრე ძველი ხელშეკრულებით მისაღები გაზის ღირებულება.

- ახალი შეთანხმებით, შესაძლებელია რუსეთისგან გაზის შესყიდვა 185 დოლარად (ათას კუბმ-ზე), ოღონდ ე.წ. „სოციალური“ სექტორისათვის და მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში, ანუ კომერციულ სექტორში სოკართან კონკურენციაზე ლაპარაკი არ არის.

- ხელშეკრულება ორწლიანია და 2017 წელს ნაწილობრივ ისევ იმოქმედებს ნატურით ანაზღაურება, თუმცა, ამავე დროს ცხადია, ძველი პირობების, ანუ ნატურით 10%-იანი ანაზღაურების აღდგენა, დიდი ალბათობით, მომავალში ვეღარ მოხდება.

- მოლაპარაკება დამთავრებულია და მთავრობის მიერ მოწონებული. ენერგეტიკის სამინისტრო მიანიშენებს, რომ მოლაპარაკების შედეგი იძულებითია და ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას შეიძლება დაუდგეს რუსეთის პირობებზე არდათანხმების შემთხვევაში.

შეფასება:

1. მიუედავად იმისა, რომ ტრანზიტის საფასურის ფულადი ანაზღაურება უფრო შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და “ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის”(WTO) წესებს, ახალი ტრანზიტის პირობები საქართველოსთვის მნიშვნელოვნად გაუარესებულია როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

2. გაზპრომ ექსპორტთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა ერთი-ერთზე, დახურულ რეჟიმში, მომზადებული სტრატეგიის, რისკების ანალიზის, გათვლილი სცენარების, კვალიფიციური ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის, პოლიტიკური მოკავშირეების და საზოგადოებრივი თანამონაწილეობის გარეშე, რაც არ იძლევა საკმარის წინაპირობას იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული ქვეყნის ინტერესები და მიღწეულ იქნას საუკეთესო შესაძლებელი შედეგი, 3. გაუმჭვირვალე გარემოში ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ არ მოხდა პირობების ცვლილება შარშან, ანალოგიურ მოლაპარაკებებზე და რა იყო ის დამარწმუნებელი არგუმენტები, რამაც რუსეთი აიძულა შეენარჩუნებინა საქართველოსთვის მომგებიანი პირობები; რატომ ვერ გამოვიყენეთ წელს იგივე არგუმენტები და ხომ არ არის წლევანდელი ცვლილება შეთანხმებული წინა წლის მოლაპარაკებებზე. 4. სამინისტრო არ ასაჯაროებს ტრანზიტის ფულად საფასურს და აცხადებს მას „კომერციულ საიდუმლოდ“, თუმცა მოლაპარაკების მხარეები არ არიან სრულფასოვანი კომერციული აგენტები და ტრანზიტის ფასისაიდუმლოდრჩება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის. დიდი ალბათობით, სხვა დაინტერესებული მხარეები, საკუთარი არხებით, ადვილად მიიღებენ ინფორმაციას ამ ფასის შესახებ;

5. ამასთან, ტრანზიტის საფასური არის არა სემეკის მიერ დადგენილი, არამედ სამინისტროს მიერ მოლაპარაკებულია და, სავარაუდოდ, მასში არ არის სრულად ასახული ტრანზიტთან დაკავშირებული წარსული და მომავალი ხარჯები.

6. რუსეთისგან გაზის შესყიდვის შეთანხმებული ფასი ($185 დოლარი/10003) პოლიტიკურია და აღემატება სომხეთისათვის ($165 დოლარი/1000მ3) და თუნდაც გერმანიისთვის ($160 დოლარი/1000მ3) მიწოდებული გაზის საფასურს. ამასთან, არ ფორმდება შესყიდვის ხელშეკრულება გაზის ფიქსირებულ მოცულობაზე, შენარჩუნებულია გაზის ბაზრის არაბუნებრივი დაყოფა სექტორებად და სავარაუდოდ „სოკარი“ რჩება მონოპოლისტად ე.წ. კომერციულ სექტორში.

 7. რუსეთთან მოლაპარაკებებას გამოიყენება ისეთივე მიდგომა, როგორც ჩვეულებრივ სავაჭრო პარტნიორთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ღიად არღვევს საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აქვს მკაფიო პოლიტიკური ინტერესები და ფლობს მრავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ (ენგურჰესი და აფხაზეთის მოხმარება, ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება, ენერგეტიკული აქტივების ფლობა და სხვა).

დასკვნა

1. გაზპრომ ექსპორტთან მოლაპარაკებები სცილდება ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭიროებს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას და მოქმედებას სამთავრობო დონეზე; საგარეო ურთიერთობების სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და სხვა სამსახურების თანამონაწილეობას; ასევე პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას - რაც არ განხორციელებულა.

2. აუცილებელია მოლაპარაკებების მეთოდური, საექსპერტო და პოლიტიკური მომზადება, გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა, რაც რისკების შემცირების და ქვეყნის ინტერესების უკეთ დაეცვის საშუალებას შექმნის

3. გაზის ბაზარში არსებული გაუმჭვირვალე არაკონკურენტული გარემო ეწინააღმდეგება ქვეყნის და მომხმარებლების ინტერესებს. საჭიროა მეტი დივერსიფიცირება და გაზის ბაზრის რეფორმა, გამჭვირვალე რეგულირების და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა.

 4. დასამუშავებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს დარგის განვითარებას და სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება მისი მესვერურებისათვის. ენერგეტიკის მართვის არსებული გაუმჭვირვალე პრაქტიკა არ იძლევა ქვეყნის და მომხმარებლების ინტერესების სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობას და უნდა სასწრაფოდ შეიცვალოს რეფორმების გატარებით.

შენიშვნა: ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის ტრანზიტი პირდაპირ არ ექვემდებარება საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით რეგულირებას, ვინაიდან გაწევრიანების პროტოკოლით გაზის ტრანზიტის არსებული შეთანხმებები გათავისუფლებულია ევროპულო დირექტივების მოთხოვნებისგან (დეროგაცია).

პარტნიორები და დონორები