ევროპის ენერგოგაერთიანება და საქართველოს პერსპექტივები

WEG-ის დირექტორის, მურმან მარგველაშვილის მოსაზრება ჟურნალისთვის "ფორბსი"

ევროპის ენერგეტიკულგაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასრულებულია და მოსალოდნელია, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი უკვე 2016 წლის ოქტომბერში გახდეს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ თავის თავზე აიღო ვალდებულება, დანერგოს ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მესამე პაკეტი, რაც მოიცავს ელექტრობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის, ენერგოეფექტიანობის, განახლებადი ენერგიის, გარემოს დაცვის, კონკურენციის და სხვა დირექტივებსა და რეგულაციებს. ამ გზით ქვეყნის ენერგეტიკა განვითარების ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს – ევროპასთან ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, მათ შორის – ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები.

იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდეს, ჩვენმა ქვეყანამ მთელი რიგი ენერგეტიკული რეფორმები უნდა გაატაროს. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომლებიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულებულია და მოსალოდნელია 2016 წ. ოქტომბერში, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალზე, საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება. შემდგომი რეფორმების გრაფიკი კი გაწერილია გაწევრიანების პროტოკოლში, რომელიც ჯერჯერობით დახურული დოკუმენტია.

ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მის სამეზობლოში ევროპული ენერგეტიკული ბაზრის გაფართოების, და ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად.

ამ ორგანიზაციის ინსტიტუტებია: მინისტრთა საბჭო (გადაწყვეტილების მიმღები ორგანო), მაღალი დონის მუდმივმოქმედი ჯგუფი (მინისტრთა საბჭოს დამხმარე სამუშაო ჯგუფი), მარეგულირებელი საბჭო (საკოორდინაციო პლატფორმა წევრი ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისათვის) და სამდივნო, რომელიც ვენაში მდებარეობს.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად შედიან მოლდოვა და უკრაინა. დამკვირვებლები არიან თურქეთი, სომხეთი და ნორვეგია, ხოლო საქართველო კანდიდატი ქვეყანაა.

ენერგეტიკული გაერთიანებებისთვის წევრობა უზრუნველყოფს ევროკავშირის ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას რეფორმების პროცესში და განაპირობებს ინვესტორთა მეტ ნდობას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ის ასევე გულისხმობს პოლიტიკურ და ენერგეტიკულ სოლიდარობას ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობებში ურთიერთდახმარებისა და ვაჭრობის სახით; ენერგეტიკული გაერთიანების ფორმატი ასევე მოგვცემს მნიშვნელოვანი გამონაკლისების (დეროგაციების) შესაძლებლობას. კონკრეტულად საქართველოსთვის ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია მაგისტრალური მილსადენებით გაზის ტრანზიტის დღეს არსებული, მოგებიანი პირობების შენარჩუნება.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველად საქართველო 2006 წელს, გაერთიანების დაარსებისთანავე მიიწვიეს, თუმცა მაშინ ქვეყანამ გაწევრიანებისგან თავი შეიკავა და 2007 წელს სომხეთთან ერთად დამკვირვებლის სტატუსი მიიღო. ასევე უშედეგოდ დამთავრდა 2010 წლის ნოემბერში ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწყობილი სპეციალური კონფერენცია და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების მკაფიო მინიშნებები საქართველოსთვის ამ ნაბიჯის სარგებლიანობის შესახებ. საბოლოოდ 2013 წლის იანვარში საქართველომ გააკეთა განაცხადი წევრობაზე და 2014 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები, რაც იმავე წლის ოქტომბერში გაწევრიანებით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ასოცირების შეთანხმებით დაშვებული ვადა ბოლომდე იქნა გამოყენებული და, სავარაუდოდ, გაერთიანების მინისტერიალი საქართველოს გაწევრიანებას საბოლოოდ მხარს ა.წ. ოქტომბერში დაუჭერს.

ამ პროცესში ევროკავშირისთვის საქართველოს გაწევრიანების ძირითად ინტერესს სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტებისთვის ხელშემწყობი გამჭვირვალე და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა წარმოადგენდა. ხოლო საქართველოს მხრივ რეფორმებისა და მეტი გამჭვირვალობისათვის მოუმზადებლობა, სავარაუდოდ, მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახლდათ. ენერგეტიკული გაერთიანება, ასოცირების შეთანხმებასთან შედარებით, არავითარ დამატებით მოთხოვნებს არ აყენებს და მხოლოდ ამ უკანასკნელის შესრულების ანუ ენერგეტიკის რეფორმირების ხელშემწყობი მექანიზმია.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოს ევროპული არჩევნის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

ენერგეტიკული რეფორმა მოიტანს მეტ გამჭვირვალობას, კონკურენციას, არაპოლიტიკურ დამოუკიდებელ რეგულირებას, ენერგოეფექტიანობასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას, გარემოს დაცვას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას; შესაბამისად კი განაპირობებს განვითარებული ინსტიტუციებისა და პროფესიონალების არსებობას.

ყველა ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, რაც ენერგეტიკის განვითარებას ზღუდავს და უსაფრთხოების მაღალ რისკებს შეიცავს. მართლაც:

· სტრატეგიული ინვესტორების ნაკლებობის გამო სექტორი ძირითადად ვითარდება საბიუჯეტო ხარჯებისა და ვალდებულებების ან „ინვესტორებისათვის“ დაუსაბუთებელი დათმობების ხარჯზე (სამუდამო მფლობელობა, ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტიები, ქსელის ხარჯებისგან გათავისუფლება და სხვ.).

· გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრის გარეშე ეკონომიკური აგენტები ექცევიან გაზგამანაწილებელ/ მიმწოდებელი კომპანიების გავლენის ქვეშ, რომლებიც თავად უწესებენ ბუნებრივი გაზის საფასურს.

· დაბალია ენერგოეფექტიანობისა და ადგილობრივი წიაღისეული თუ განახლებადი რესურსების ათვისების მაჩვენებლები. მშპ-ის ენერგოტევადობა თითქმის ორჯერ აღემატება ევროპული ქვეყნებისას, მაშინ როცა ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის მოხმარება ორჯერ ჩამორჩება ევროპულ მაჩვენებელს.

· ენერგეტიკის სტრატეგიული ხედვის გარეშე სათანადოდ ვერ ვითარდება საერთაშორისო ტრანზიტი და მაღალია შეცდომების, არასასურველი პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების სფეროში მოქცევის რისკები.

არის სხვა მრავალი პრობლემა და ამ პრობლემების ერთ-ერთი გამოხატულებაა საზოგადოების უნდობლობა საერთაშორისო მოლაპარაკებების, დიდი ჰიდროსადგურების მშენებლობისა და სხვა ნაბიჯების მიმართ. პრობლემატურია ასევე სახელმწიფოს მზარდი ენერგეტიკული ხარჯები და ასევე მზარდი დამოკიდებულება იმპორტზე.

ქვეყანაში მოქმედი გავლენიანი ენერგეტიკული კომპანიები და ბიზნესჯგუფები შეჩვეული არიან დღემდე არსებულ გარემოში ფუნქციონირებას. შესაბამისად, რეფორმების პროცესმა შეიძლება მათი შეშფოთება და წინააღმდეგობა გამოიწვიოს. რეფორმების პროცესში მოსაძებნია მათი ლეგიტიმური კომერციული ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობა, რათა ავიცილოთ რეფორმისადმი შესაძლო წინააღმდეგობა. დაბრკოლებას წარმოადგენს ასევე ჩვენი ინსტიტუციებისა და კადრების მზაობა და საკმარისი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ მომზადებას. შესაძლებელია ასევე ღია თუ ფარული პოლიტიკური ზეწოლა ენერგეტიკული რეფორმების საწინააღმდეგოდ. ნიშანდობლივია, რომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებას რუსეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. გაერთიანების წევრობაზე უარის სანაცვლოდ რუსეთი მოლდოვას გაზის ფასის მესამედით შემცირებას სთავაზობდა.

მიუხედავად სირთულეებისა, 2016 წლის ოქტომბერში მოსალოდნელი გაწევრიანების შემდეგ აუცილებელი იქნება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების პარლამენტში სწრაფი რატიფიცირება და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გეგმაზომიერი რეფორმების დაწყება. 

 

პარტნიორები და დონორები