ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად

27 თებერვალს, “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია “ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად”

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ წევრობის ფორმატით გათვალისწინებული რეფორმების მიმოხილვა, ამ სამუშაოსთვის ენერგეტიკული სექტორის მზაობის შეფასება და ჩართული მხარეების კოორდინირება მომავალი თანამშრომლობისათვის.

საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შეიკრიბნენ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების, სემეკის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, და დარგის ექსპერტები, ასევე ევროკომისიის და ენერგეტიკული გაერთიანების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

კონფერენცია WEG-ის დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა გახსნა. მოგვიანებით, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიკა ვალიშვილმა. დამსწრეებს ასევე მიესალმნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ ყარაულაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის, ევროკომისიის ენერგეტიკული დირექტორატის და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლები.  

ევროკომისიის საგარეო ენერგეტიკის პოლიტიკის ოფიცერმა, ფედერიკო ტარანტინიმ და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, იანეს კოპაჩმა შესაბამისად განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო გამოცდილება.

WEG-ის ექსპერტმა, თამარ წურწუმიამ დეტალურად მიმოიხილა ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში საქართველოში განსახორციელებელი დირექტივები და რეგულაციები, შესრულების ვადები და სირთულეები. მან ყურადღება გაამახვილა ორ მთავარ დირექტივაზე, რომელიც ეხება ელექტორენერგიისა და გაზის ბაზრები მოწყობას. მთავარი გამოწვევა ამ კუთხით არის ბაზრის მონაწილეების რეგულირებადი და კონკურენტული საქმიანობის გაყოფა, ანუ გენერაციის, მიწოდების განმხოლოება (unbundling) გადაცემის საქმიანობების. ეს საკითხი მოითხოვს დეტალურ ანალიზს, ბაზრის მოდელის შემუშავებას და შესაბამისი პირველადი თუ მეორადი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. პრეზენტაციაში ასევე ყურადღება დაეთმო მიწოდების უსაფრთოხების, ნავთობისა და გაზის რეზერვების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის განვითარების საკითხებს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის სექტორში დღეს არსებულ მდგომარეობასა და სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინსიტრო პირველად კანონმდებლობაზე მუშაობს და 2018 წლიდან ბაზრის ახალი მოდელი უნდა ამოქმედდეს, თუმცა ბაზრის დიზაინი ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული და შეთანხმებული არ არის. ბაზრის სტრუქტურაში ცვლილებებმა მოსალოდნელია პირველ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ფასების რყევა გამოიწვიოს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, ბაზარზე რამდენიმე მოთამაშის გაჩენის და კონკურენტული გარემოს შექმნის კვალდაკვალ, ფასები გაიაფდება.

სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას პრეზენტაცია ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების პროცესში მარეგულირებლის როლს შეეხებოდა. მან აღნიშნა, რომ გენერაციის და განაწილების საქმიანობის გამიჯვნა გარდაუვალია და ამ საკითხზე მუშაობის დაწყება, კანონმდებლობის საბოლოო დამტკიცებამდეც, გონივრული ნაბიჯია, როგორც ამას ენერგო-პრო ჯორჯია აკეთებს. მილორავამ ხაზი გაუსვა მარეგულირებლის მონაწილეობას რეფორმებში და ისაუბრა სემეკის გაძლიერების საჭიროებაზე, მათ შორის ელექტროენერგიის და გაზის ბაზრის რეგულირების საკითხში, რაც ასოცირების შეთანხმების და ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს შეესაბამება.

კონფერენციაზე კიევიდან ჩაერთო DIXI Group-ს წარმომადგენელი ანტონ ანტონენკო, რომელმაც დამსწრეებს გაუზიარა უკრაინაში ანალოგიური რეფორმების გამოცდილება და აღწერა ამ რეფორმებში  სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი და ხელშემწყობი როლი.   

შეხვედრის მიწურულს, WEG-ის დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა მიმოიხილა რეფორმის სისტემური გამოწვევები, და პროცესში სხვადასხვა მხარის, მათ შორის  სამოქალაქო საზოგადოების როლი. მისი თქმით, რეფორმირები უნდა იქნას განხილული,  როგორც ერთიანი კომპლექსური პროექტი, ქვეყნის და მრავალი დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სადაც აუცილებელია დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობა, შესაძლებლობების და უნარების ზრდა, საზოგადოებრივი კონტროლი და ხელშეწყობა იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას არსებული ბარიერები.  

მის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს შორის აღსანიშნავია: ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების ოქმის რეტიფიცირების დაჩქარება პარლამენტის მიერ, სამთავრობო დონეზე საკოორდინაციო საბჭოს შექმნა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის და შესაძლებლობების გასაზრდელად, პოლიტიკის ანალიზის,კვლევების გაძლიერება და სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მსოფლიო ბანკის,  USAID G4G პროგრამის, ენერგო-პროს წარმომადგენლებმა გამოხატეს რეფორმისადმი მხარდაჭერა და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტულ საკითხებზე მსგავსი დეტალური განხილვებისა და დისკუსიების საჭიროება.

იხილეთ ფოტო ალბომი

პარტნიორები და დონორები