ახალი სამაგისტრო პროგრამა - ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოში პირველად, გთავაზობთ ორმოდულიან პროგრამას - „ენერგეტიკის და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“ - მისანიჭებელი ორი კვალიფიკაციით:

  • „ენერგეტიკის მენეჯმენტის მაგისტრი“
  • „სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტის მაგისტრი“.

პროგრამა შეიქმნა დარგში მომუშავე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში, ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც პარალელურად აქტიურად მუშაობენ კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებში. პროგრამაში გათვალისწინებულია პრაქტიკული საქმიანობის კომპონენტი, სადაც სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი საგნები მისცემს სტუდენტს ენერგეტიკის ან მინერალური რესურსების მენეჯმენტის დარგში ახალი თაობისათვის ლიდერებისა და მენეჯერებისათვის აუცილებელ ტექნიკურ თუ სამეცნიერო ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მათ შორის:

  • ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას რესურსების გამოყენების მდგრადობის, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების უნარი;
  • დარგის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ტენდენციების, საქართველოში დანერგვა-ადაპტაციის და საქართველოს ეკონომიკურ, სამართლებრივ და ეკოლოგიურ და რესურსულ პირობებთან შეხამების უნარი;
  • საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტექნოლოგიური წინსვლის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საჭიროებების შეფასების და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მოძიების უნარი.

ორწლიანი ინტერდისციპლინარული კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის მიმართულებისა და ეკონომიკის დარგში. აგრეთვე, სასურველია, აპლიკანტს ჰქონდეს საჯარო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში/ბიზნესის სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სტუდენტი აგროვებს სასწავლო კურსებში 90 ECTS-ს სამი სემესტრის განმავლობაში, ხოლო მე-4 სემესტრში მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე (24 ECTS) და, პარალელურად, გადის პრაქტიკას (6 ECTS) წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციაში. 

პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
  2. ნავთობისა და გაზის კორპორაცია;
  3. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უწყებათშორისი კომისია);
  4. ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG);
  5. ენერგოეფექტურობის ცენტრი;
  6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  7. კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფი“ (CMG)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ილიაუნის ვებგვერდზე

პარტნიორები და დონორები